აირჩიეთ ენა

06.01.2020

სამუშაო შეხვედრების ორგანიზება


სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
2018-2019 სასწავლო წელი


ორგანიზატორი:                 დავით კამკამიძე
1-ლი შეხვედრა:                  03/12/2018
მე-2 შეხვედრა:                    10/12/2018
მე-3 შეხვედრა:                    17/12/2018
თემა:
რა არის კოგნიტური სქემები? როგორ მოვარგოთ ეფექტურად სხვადასხვა აქტივობას კოგნიტური სქემები? კოგნიტური სქემებზე პრაქტიკული მუშაობა.

მიზანი:
შეხვედრების დასასრულს მასწავლებლებს ეცოდინებათ კოგნიტური (სააზროვნო) სქემების რაობა - გამოყენება, სხვადასხვა აქტივობაზე მორგება, ასევე მოახდენენ დიაგრამების დიფერენცირებას - თუ რომელი კოგნიტური სქემა, რომელ უნარს ავითარებს. პედაგოგები შეისწავლიან შეხვედრების განმავლობაში ისეთ დიაგრამა-სქემებს, რომლებიც აქამდე უცხო იყო მათთვის, გაიგებენ მათ ეფექტიანობას და აქტიურად დანერგავენ პრაქტიკაში.
მიზნის აქტუალობა:
სააზროვნო სქემების, ანუ კოგნიტური დიაგრამების დახმარებით მოსწავლე ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას, ორგანიზებას უკეთებს მასალას/თემას, შეიცნობს მთელისა და ნაწილის ურთიერთმიმართებას, ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებასა და დამოუკიდებლად მუშაბას. ხდება პრობლემაზე ორიენტირებული, მობილიზებული.
კოგნიტურ დიაგრამებზე ხშირი მუშაობა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, განურჩევლად მათი აკადემიური მოსწრებისა, პედაგოგს შეუძლია კოგნიტური სქემა მოარგოს სხვადასხვა აქტივობას, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები. ამასთანავე კოგნიტური სქემის სხვადასხვა ვარიანტები როგორც პედაგოგს - მოსწავლესაც შეუძლია შექმნას და გაუზიაროს ჯგუფს ან/და კლასს, რაც სასიკეთოდ აისახება, როგორც აკადემიურ მიღწევაზე, ამავდროულად პიროვნულ - შემოქმედებით განვითარებაზეც.

1-ლ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.
·         რა არის კოგნიტური სქემები? რა დანიშნულება აქვს სასწავლო პროცესში კოგნიტური სქემების გამოყენებას?
კოგნიტური დიაგრამები გამოიყენება, როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას, ასევე მასალის ათვისების შემდეგ შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს. პედაგოგს შეუძლია კოგნიტური დიაგრამა შესთავაზოს როგორც ტექსტის კითხვისა და დამუშავების, ასევე წერითი დავალების დაწყების დროსაც. ეფექტურია საშინაო დავალების, ასევე საკლასო (დამოუკიდებელი) სამუშაოს ჩატარებისას. კოგნიტური დიაგრამები შეიძლება მოერგოს სხვადასხვა საკლასო ფორმას, როგორიცაა: ინდივიდუალური, წყვილური თუ ჯგუფური მუშაობები.
კოგნიტური დიაგრამები ხელს უწყობს აზროვნებას, ანალიზს, შემოქმედებითობას, კრეატიულ ფიქრს. მოსწავლე თვალნათლივ ასხვავებს, ადარებს, ქრონოლოგიურად შლის ინფორმაციას. სააზროვნო უნარები მოსწავლეს ეხმარება მომავალში პრობლემების ეფექტურ გადაჭრასა და დროის მცირე მონაკვეთში შედეგზე გასვლაში.





მე-2 შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.
·         როგორ მოვარგოთ ეფექტურად საკლასო აქტივობებს კოგნიტური სქემები, რით/როგორ ვიხელმძღვანელოთ?
უამრავი კოგნიტური სქემა არსებობს, როგორებიცაა: T-დიაგრამა, ვენის დიაგრამა, ასოციაციური რუკა, ცნებების რუკა, სპრიალური კურიკულუმი, შთაბეჭდილების ყუთი, ინფორმაციის ჯაჭვი, სპირალი, კოლბერგის დაფა, ძვლის დიაგრამა და სხვ.
პედაგოგმა სწორად უნდა განსაზღვროს აქტივობაში მიზანი - რას უნდა მიაღწიოს? რა უნარი უნდა განუვითაროს მოსწავლეს? თუ სურს შეამოწმოს რამდენად დეტალურად იცის ამა თუ იმ საგნის, მოვლენის შემადგენელი ნაწილები აჯობებს გამოიყენოს T-დიაგრამა, თუ სურს ორი საგანი ან და მოვლენა შეადაროს - ვენის დიაგრამა, თუ სურს გავიდეს უფრო მაღალ სააზროვნო უნარზე გამოიყენოს ძვლის დიაგრამა - იპოვოს ხელის შემშლელი თუ ხელშემწყობი ფაქტორები და ჩამოწეროს ორივე შემთხვევის შედეგი.
უპირველეს ყოვლისა პედაგოგმა სწორად გაწეროს აქტივობა და აარჩიოს ადეკვატური დიაგრამა, ეს კი აუცილებლად გახდის მის გაკვეთილს ჩართულს, მიაღწევს მიზანს და მოსწავლეებიც მოტივირებულები იქნებიან საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში.
განხილული სტრატეგიებით პედაგოგს შეუძლია სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და შედეგიანი გახადოს, სწავლების ამგვარი სტრატეგიით დატვირთვა უზრუნველყოფს საინტერესო და აქტიურ სასწავლო პროცესს, ამცირებს დისციპლინურ პრობლემებს, რათა ზრდის მოსწავლეთა სასწავლო პროცესში გონებრივად ჩართვას, ინიციატივასა და ქმედითობას.
მე-3 შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.
·         აქტივობების გაწერა - კოგნიტური სქემების დახმარებით, კოლეგებისთვის წარდგინება.
მასწავლებლები აჯამებენ წინა ორ შეხვედრას უზიარებენ ერთმანეთს თეორიულ ცოდნას და დარჩენილ დროში თითოეულ დიაგრამაზე ადგენენ აქტივობას, რომელსაც პრეზენტაციების სახით წარუდგენენ. ამასთანავე კოლეგები „სენდვიჩის მეთოდით“ აძლევენ უკუკავშირის ერთმანეთს, რითაც იმტკიცებენ მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий