აირჩიეთ ენა

16.07.2019

არგუმენტირებული ესე #11


სასწავლო პროცესის წარმატებისათვის აუცილებელია, რომ მშობლები მასში აქტიურად ჩაერთონ და მასწავლებლის მოკავშირეებად იქცნენ.

            მე ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, ვინაიდან ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია პედაგოგმა და მშობელმა აქტიურად ითანამშრომლონ.
          საზოგადოდ ცნობილია, რომ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და მის წარმატებაში გადამწვეტი ფუნქცია ეკისრება პედაგოგს, ვინაიდან მან უნდა მისცეს გეზი მოსწავლის უნარს, განუვითაროს ინტელექტი, შეიტანოს ცვლილებები მოსწავლის ქცევაში და სხვ. თუმცა ამ ყოველივეს უკეთ განხორციელებაში მშობლის ჩართვა აუცილებელია. პედაგოგმა უნდა დაამყაროს კომუნიკაცია მშობელთან, მას განუმარტოს, აღუწეროს შვილის ესა თუ ის ქცევა, აკადემიური მიღწევა, პრობლემატიკა, თუმცა დასკვნების გამოტანა მშობელსვე მიანდოს, ხოლო გამოვლენილი პრობლემის გადაჭრის გზებზე კი ერთობლივად იზრუნონ, ეს ყოველივე უკეთ აისახება მოსწავლის წინსვლაზე, ვინაიდან მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა პედაგოგიკაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა.
          პედაგოგსა და მშობელს ერთმანეთთან ღია და უშუალო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ, მასწავლებელმა მშობელს აუცილებლად უნდა ამცნოს შვილის თითოეული წარმატების შესახებ, შემდეგ აქცენტი გადაიტანოს პრობლემატურ თემაზე, ხოლო საუბრის დასასრულისას კვლავ დადებითი მოლოდინი გამოამჟღავნოს, რითაც დაამყარებს მშობელთან პოზიტიურ კავშირს და არ გამოიწვევს მასში გაღიზიანებასა თუ იმედგაცრუებას.  
          მედალს ორი მხარე აქვს, შესაბამისად, როგორც პედაგოგმა ასევე მშობელმაც უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და ღიად ესაუბროს პედაგოგს, ამცნოს შვილის ყოველი (მაფიქრებელი) ქცევა, რომელიც ძირითადად გარდატეხის ასაკთანაა დაკავშირებული, მისი ხასიათის ცვლილება, ჩაკეტილობა, ინდეფერენტულობა თუ სხვ. მშობლის ამგვარი კომუნიკაცია, პედაგოგს დაეხმარება სწორად გაწეროს გაკვეთილის გეგმა, შეარჩიოს ესა თუ ის სტრატეგია, რაც მოსწავლეს ადეკვატური მეს, სწორი თვითშეფასებისა და მოტივაციის ფორმირებაში დაეხმარება.
          დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სასწავლო პროცესი უკეთ წარიმართება, როცა მშობელი, მიუხედავად მისი დატვირთული დღის რეჟიმისა მაინც ახერხებს და ამყარებს პედაგოგთან კომუნიკაციას, იცის შვილის ძლიერი და სუსტი მხარეები, აწვდის პედაგოგს შვილის (პრობლემატური) ქცევის / ხასიათის შესახებ ინფორმაციას - ვინაიდან ყოველი ზემოთ თქმული მასწავლებელს ეხმარება სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий