აირჩიეთ ენა

16.07.2019

არგუმენტირებული ესე №10


ნიჭიერი ბავშვები მასწავლებლისაგან უფრო მეტ ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც ვერ სძლევენ პროგრამას და ჩამორჩებიან სწავლაში.

          მე არ ვეთანხმები ზემოთ მოცემულ მოსაზრებას, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მასწავლებელმა თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმოს კლასის თითოეულ მოსწავლეს, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა.
          მიმაჩნია, რომ კლასების მოსწავლეთა შესაძლებლობების, მაღალი აკადემური მოსწრებისა და დაბალი აკადემიური მოსწრების სექტორებად დაყოფა გაუმართლებელია. ვინაიდან, როგორც ფსიქოლოგი გარდნერი ამბობს: „არ არსებობს ბავშვი, რომელსაც რაიმე ინტელეტი არ აქვს განვითარებულიო“. შესაბამისად მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს საკუთარი გაკვეთილი, რომ თითოეულ აქტივობაში ჩართოს, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მოსწავლეები, ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. პედაგოგის ასეთი დემოკრატიული მიდგომა მოსწავლეებში თვითშეფასებასა და მოტივაციას გაზრდის.
          პედაგოგი, რომელიც ძირითად ყურადღებას გადაიტანს ნიჭიერ მოსწავლეებზე, მხოლოდ მათ ჩართავს სხვადასხვა პროექტში, დისკუსიებში - კლასის დანარჩენ მოსწავლეებში ნეგატივს გამოიწვევს. შესაძლოა მათ გაუჩნდეთ საგნისა და პედაგოგისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ასევე სავარაუდოა გამოამჟღავნონ ქცევითი ხასიათის დარღვევებიც.
          პედაგოგიკა ჰუმანური დარგია, შესაბამისად თითოეული მასწავლებელი უნდა ფლობდეს საგაკვეთილო პროცესის ეფექტური წარმართვის სტრატეგიებს. პედაგოგი მუდმივად უნდა ეცნობოდეს თანამედროვე ლიტერატურას, მაგალითს იღებდეს და თანამშრომლობდეს კათედრასთან, კოლეგებთან - მისი ამოცანა უნდა იყოს პასიური მოსწავლის გააქტიურება, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის შედეგების გაუმჯობესება და სხვ. თორემ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიჭიერმა მოსწავლემ შესაძლოა რთული დავალება ინსტურუქციის მიცემის გარეშეც კი ამოხსნას, ამ მოსაზრებიდან გამომდინარე აქცენტირება პედაგოგმა სუსტ (ზარმაც, ჩაკეტილ, ინდეფერენტულ) მოსწავლეზე უნდა გადაიტანოს და დაისახოს მისი შედეგების შეცვლა.
          დასკვნისას კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პედაგოგი უნდა იყოს დემოკრატი, აქტიური მსმენელი, მან ყურადღებით უნდა მოუსმინოს თითოეული მოსწავლის მოსაზრებას, მიუხედავად მისი სისწორისა, ეცადოს თანაბრად გაუნაწილოს კლასის თითოეულ მოსწავლეს ყურადღება, იყოს მათი მეგობარი. ისე დაგეგმოს და წარმართოს გაკვეთილი, რომ არც ერთი ბავშვისთვის არ იყოს მოსაწყენი, დაუძლეველი. სწორად შეარჩიოს აქტივობები, რაც გაკვეთილს ცალსახად პროგრესულსა და წარმატებულს გახდის.  

Комментариев нет:

Отправить комментарий