აირჩიეთ ენა

17.03.2019

რესურსი - "გამოიცანი ზმნისწინი"




გამოიცანი ზმნისწინი
საჰაერო ბურთი ღრუბლებისკენ გაფრინდა.
თაგვი სოროში შეძვრა.
სპორტსმენი ბატუტზე ხტა.
ქვიშის საათი დაიცალა.
ბარტყი ბუდიდან გადმოვარდა.
ფილარმონიაში კონცერტი ჩატარდა.
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა.
ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ.
კოკა წყაროზე წაიქცა.
დათვი ბუნაგიდან გამოვიდა.
ჩემი ძმა მეორე კლასში გადავიდა.
დედას დაბადების დღე მივულოცე.
კუნძულზე ვულკანმა ამოხეთქა.
ჩემს სოფელს გარშემო შემორტყმული აქვს მთები.
ძაღლმა დაიყეფა და კატა შიშისაგან წამოხტა.

დავით კამკამიძის რესურსი „გამოიცანი ზმნისწინი“

რესურსი წარმოადგენს ე.წ. პორტატულ, დასაკეც ბანერს, რომელიც დამზადებულია ჩემ მიერ და წარმოადგენს ზმნისწინის / ზმნისწინების დამახსოვრებისა და გამოყენების თვალსაჩინოებას.

შესაბამისობა ესგ-სთან:
ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული, როგორც მეორე ენის მიხედვით - მე-8 კლასის მოსწავლეები იცნობენ ძირითად ენობრივ საკითხებს. ზმნა: პირი: ობიექტური პირების გამოხატვა: მწკრივები, უწყვეტელი, წყვეტილი, ხოლმეობითი, 1-ლი თურმეობითი; ზმნის აქტიური და პასიური ფორმები; ასპექტი და მისი ფუნქცია, უასპექტო, უზმნისწინო ზმნები, ასევე თავისებური ზმნები. 
Ø  მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ  გეზისა და ორიენტაციის გამომხატველი ენობრივი საშუალებები, ადგილის ზმნიზედა, თანდებული თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ უჭირთ ზმნისწინების სწორი ფორმით გამოყენება.

შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან და უსაფრთხოება
პორტატული ბანერის გამოყენება იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, მათ დაინტერესებას, ვინაიდან თითოეულ მოსწავლეს სურვილი უჩნდება გამოვიდეს და თავად ჩადოს ცარიელ ჯიბეში ესა თუ ის ზმნისწინი. გაკვეთილი ხდება მეტად აქტიური ამ აქტივობის გამოყენების დროს... ასევე ბანერი კიბისებურად იშლება, მასზე დატანილი ტექსტი დაწერილია ისეთი ზომის შრიფტით, რომ ბოლო მერხზე მსხდომი მოსწავლეებიც ადვილად დაინახავენ და მიიღებენ ზმნისწინის ამოცნობაში მონაწილეობას.
პორტატული ბანერის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. მასალა: მუყაო. ა1 ფორმატი.

ინტერაქტიულობა და გამოყენებადობა
„გამოიცანი ზმნისწინი“ მიმზიდველია მოსწავლეებისათვის, მისი გამოყენების დროს მოსწავლეთა აქტიურობა ხალისითა და ენთუზიაზმით ხდება. მისი ინსტრუქცია ძალიან მარტივია... შესაძლებელია ბანერზე დატანილი წინადადებების ხმამაღლა კითხვაც და გამოტოვებული ზმნისწინების, როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური მუშაობით შევსება. (ბანერი პედაგოგს ეხმარება თითოეული მოსწავლის დაინტერესებაში, ზმნისწინის, როგორც დამხმარე ენობრივი საშუალების ძირითადი არსის ცხადყოფისთვის, მისი ფუნქციის სწავლებისათვის).

ნოვატორობა, ორიგინალურობა და უნივერსალურობა
პორტატული ბანერი ჩემ მიერაა მოფიქრებული. ბანერი მსუბუქია, კიბისებურად იშლება, დატანილია ოცამდე წინადადება, გამოყენებულია თითოეული ზმნისწინი რამდენჯერმე, ასევე საინტერესო ფორმულირებით. ქართული ენის კათედრის თითოეულ წევრს შეუძლია გამოიყენოს ზმნისწინის სწავლების დროს საინტერესო რესურსად. ასევე, მათ შეუძლიათ თვითონაც დაამზადონ სხვა წინადადებების გამოყენებით. ბანერს აქვს საკიდი, გამჭვირვალე ჯიბეები (პოლიეთილენის) რაც მთავარია თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავად დაამზადოს მსგავსი სახის რესურსი, რაც უფრო მეტად დაეხმარებათ სხვადასხვა ენობრივი საშუალების შესწავლასა თუ უკვე შესწავლილის განმტკიცებაში.

რესურსის გამოყენების აღწერა

გამოიცანი ზმნისწინი წარმოადგენს ა1 ზომის მუყაოს ბანერს, რომელიც პორტატულია და კიბისებურადაა დაკეცილი. თითოეულ კიბეზე დატანილია სხვადასხვა ემოციის, შინაარსის მატარებელი წინადადება, თითოეულ წინადადებაში ზმნებს დაკლებული აქვთ ზმნისწინი... თითოეული კიბის წარმატებით დაძლევაში მოსწავლემ უნდა შეავსოს ჯიბე - ზმნისწინით.
v  მასწავლებელი ყველა მოსწავლის თვალსაჩინოდ დაფასთან ჩამოკიდებს სპეციალური საკიდით ბანერს, საუბარს დაიწყებს ზმნისწინზე, გაახსენებს ზმნისწინის რაობას, როგორი ზმნისწინები არსებობს, რაში ეხმარება ზმნას ზმნისწინი, რას აზუსტებს და ა.შ.  შემდეგ კითხულობს პირველ კიბეზე დატანილ წინადადებას და ზმნას, რომელსაც დაკლებული აქვს ზმნისწინი... მოსწავლეები უმალ ხვდებიან აღნიშნული რესურსის ინსტრუქციას და მათში უფრო მეტად იღვიძებს ინტერესი, რათა გადავიდნენ მეორე კიბეზე, მეორიდან მესამეზე და ა.შ. ყველა კიბის წარმატებით დაძლევის შემდეგ მოსწავლეებს შევსებული ექნებათ ბანერზე თითოეული ცარიელი ჯიბე. (და კონვერტში, სადაც სპეციალურად ჩალაგებული 15 ზმნისწინია მი, მო, ა, ჩა, და, შე, გა, გადა, წა, ამო, ჩამო, შემო, გადმო, გამო, წამო - ცარიელი იქნება).
v  შესაძლებელია კიბიდან-კიბეზე გადასასვლელად მასწავლებელმა დააწესოს სხვადასხვა ეტაპი... მოსწავლე გადავა შემდეგ წინადადებაზე თუ მოიფიქრებს სხვა ზმნას იმავე ზმნისწინზე, რომელიც პირველ კიბეზე გამოიყენა.
v  პედაგოგს შეუძლია წაკითხული (გამოყენებული) ზმნისწინის საპირწონედ ანტონიმური სიტყვა გაახსენოს მოსწავლეს... მაგალითად: ავიდა - ჩავიდა, ააშენა - დაანგრია... ეს ყოველივე მოსწავლეებს ენობრივი ლექსიკის გახსენება, დახვეწა თუ გამდიდრებაში დაეხმარება.
v  ბანერის დამუშავების შემდეგ შესაძლებელია მოსწავლეებმა თავადაც დაამზანოდ მსგავსი ტიპის რესურსები... მოიფიქრონ ახალი წინადადებები და ერთმანეთს გაუზიარონ. (წყვილებში, ჯგუფებში და სხვა).

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი რესურსების გამოყენება სწავლის პროცესს ხდის საინტერესოს, სახალისოს, ინტერაქტიულს, - ეს ყოველივე კი განაპირობებს მოსწავლეთა ჩართულობას და რაც მთავარია აკადემიური შედეგების ეფექტურად მიღწევის გზასა და გაუმჯობესებას.

დავით კამკამიძე,  2019 წელი.










Комментариев нет:

Отправить комментарий