აირჩიეთ ენა

11.03.2019

როლური თამაში

როლური თამაშის დროს კლასში შესაძლებელი ხდება პოლიციის ყოველდღიური საქმიანობიდან სიტუაციების გათამაშება. სტუდენტები ასრულებენ როგორც პოლიციელების, ისე მოქალაქეების როლს ამ მეთოდით სწავლების მთავარი მიზანია სტუდენტებმა იგრძნონ, რას ნიშნავს გარკვეული მოქმედებების შესრულება და ჩაატარონ ალტერნატიული ქცევის ექსპერიმენტი.
ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტებს ჩვეულებრივი მოქალაქის როლის შესრულებისას, შეუძლიათ მოქალაქის ადგილზე წარმოიდგინონ თავი, საკუთარ თავზე გამოსცადონ პოლიციელის მოქმედების შედეგი და დაინახონ, როგორ აღიქვამს მათ ქცევას რიგითი მოქალაქე.
რა თქმა უნდა, პოლიციელს, რომელიც სრულად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მის სამსახურთან, უჭირს სიტუაციის სხვა ადამიანის თვალით დანახვა.
მიუხედავად ამისა, სტუდენტების რეაქცია როლურ თამაშში ძალიან ჰგავს იმ რეაქციას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვლინდება. გარდა იმისა, რომ როლური თამაში უსაფრთხო გარემოში ქცევის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს, ის ასევე იწვევს პოზიციის ან დამოკიდებულების შეცვლასა და ცნობიერების ამაღლებას. როლური თამაშები ასევე გამოიყენება სადემონსტრაციო მასალად და ინფორმაციის განხილვის ,,ცოცხალ“ წყაროდ.
სწავლების მეთოდის სახით როლური თამაშის გამოყენებამდე, აუცილებელია მომზადდეს კონკრეტული სცენარი. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ნაწილში.
როლური თამაშის ჩატარების ფაზა 5 ელემენტისაგან შედგება: მომზადება, შესავალი, როლური თამაში, შეფასება და დასკვნა. 5.3 - 5.6 ნაწილებში აღწერილია თითოეული ფაზის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებები და შესაბამისი საილუსტრაციო მაგალითები.
მაგალითი
პოლიციელებს მოქალაქეებთან ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა სიტუაციებში უხდებათ.
● ავტო-საგზაო დარღვევების დროს ჯარიმის გამოწერისას;
● ცუდი ამბის, მაგალითად ახლო ნათესავის ავარიის ან გარდაცვალების შესახებ შეტყობინებისას;
● დანაშაულის გამოძიებისას მოქალაქის დაკითხვისას.
ასეთ შემთხვევებში პოლიციელს აქვს ზუსტი ინფორმაცია, რაც მას აძლევს საშუალებას, განსაზღვროს მოქალაქისთვის ინფორმაციის მიწოდების თანმიმდევრობა.
თუ მოქმედების შესრულებამდე, პოლიციელს სჭირდება მოქალაქისგან ინფორმაციის მიღება, მაგალითად, როცა მოქალაქე ითხოვს დახმარებას, აუცილებელია გარკვეული პროცედურის დაცვა, რათა ინფორმაციის მიღება ხდებოდეს სისტემურად და თანმიმდევრულად. ეს პროცედურა აღწერილია ,,გასაუბრების ჩატარების სტანდარტულ წესებში“.
ინსტრუქტორი ია სიმონიშვილი პოლიციის აკადემიაში ასწავლის კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. წინა გაკვეთილზე მან სტუდენტებთან ერთად განიხილა ძარცვის შედეგად დაზარალებულ მოქალაქესთან ურთიერთობისას სტანდარტული წესების გამოყენების საკითხი. დღეს მას სურს როლური თამაშის ჩატარება, რათა სტუდენტებმა გამოიმუშავონ ასეთ სიტუაციებში საჭირო უნარ-ჩვევები.

წყარო - http://www.nplg.gov.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий