აირჩიეთ ენა

22.06.2019

არგუმენტირებული ესე #8


მსოფლიოში უამრავი მოზარდი იზრდება ქუჩაში, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფთ და ვერასდროს გახდებიან საზოგადოების ნამდვილი წევრები.

          უარვყოფ მოცემულ მოსაზრებას, რადგან ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ქუჩაში გაზრდილი ადამიანი საზოგადოებისთვის სასახელო და სიკეთის მომტანი პიროვნება დადგეს.
            სამწუხაროდ მსოფლიოში უამრავი მოზარდი ქუჩაში იზრდება, მათ არ აქვთ სახლ-კარი, უმეტესობა ობოლი ან და ოჯახისგან მიტოვებულია, შესაბამისად, მათ საკუთარი თავის რჩენა თავადვე უწევთ. ცხადია, არის ბავშვთა კატეგორია, რომელიც დანაშაულებრივი გზით (ქურდობით, ყაჩაღობით) შოულობს ლუკმა-პურს, თუმცა ბევრჯერ მინახავს ბაზრობებზე, მაგისტრალებზე თვითდასაქმებული ბავშვები, რომლებიც საკუთარი შრომით გამოიმუშავებენ ორ კაპიკს.
            ცნობილია, რომ არასრულწლოვანთა შრომა დაუშვებელია, ამას კანონი არეგულირებს, თუმცა როცა ქვეყანას ამდენი პრობლემა აქვს ძნელია ამის კონტროლი.
            ტელევიზიასა და ინტერნეტში ხშირად აშუქებენ ადამიანთა ისტორიებს, რომლებიც ქუჩაში გაიზარდნენ, წებოს სუნთქავდნენ, ქურდობდნენ კიდეც, მაგრამ გავიდა დრო და ზოგიერთი მათგანი საკუთარი, ზოგიერთი კი სხვისი დახმარებით ფეხზე წამოდგა და შედგა, როგორც ღირსეული პიროვნება, ახლა ისინი მუშაობენ, აქვთ ოჯახი, ჰყავთ შვილები და ზრდიან საკუთარი შეცდომების გათვალისწინებით.
            თითოეული განათლებული ადამიანი, ვისაც აქვს შინაგანი კულტურა არასდროს არ ჩაგრავს, სხვანაირი თვალით არ უყურებს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, პირიქით სახელმწიფომ და ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ მათი ოჯახებში დაბრუნებისთვის, რომ არ ეძინოთ გზებზე და არ დაადგნენ მრუდე გზას.
            დასკვნისას მახსენდება ფრაზა: „ცხონება - დაცემის შემდეგ წამოდგომაშია“, დიახ, საქართველოში ბევრი შემდგარი, ჩამოყალიბებული, წარმატებული ადამიანი ცხოვრობს, რომელებიც მეორედ დაიბადნენ, ისინი გაიზარდნენ ქუჩებში, გადაიტანეს შიში, შიმშილი, მაგრამ არ გატყდნენ და იქცნენ ღირსეულ პიროვნებებად!

(მე-11 კლასი)


Комментариев нет:

Отправить комментарий