აირჩიეთ ენა

12.03.2020

დევიდ პერკინსი


დევიდ პერკინსი (განათლების თეორია)



პერკინსის აზრით, განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის  შენარჩუნება, მისი კარგად გაგება-გააზრება და აქტიური გამოყენება. ის, რომ საკონტროლოს დაწერის დროს რაღაც ვიცით, მაგრამ არ გვახსოვს რამდენიმე თვის შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ცოდნის შენარჩუნება. თუ ვიცით ისტორიული მოვლენები და კონკრეტული ფაქტები, მაგრამ ვერ ვაანალიზებთ,  როგორ და რატომ ვითარდებოდა მოვლენები ამ სახით, ე. ი. არ შეგვიძლია გააზრება. რომც შეგვეძლოს ცოდნის გააზრება, თუ  ვერ ვაკავშირებთ პრაქტიკასთან, ე. ი. არ შეგვიძლია ცოდნის აქტიური გამოყენება. ზოგადად მიაჩნიათ, რომ მოსწავლეები ჯერ ცოდნას იძენენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ფიქრს შეძენილ ცოდნის შესახებ. პერკინსის აზრით,  სინამდვილეში პირიქით ხდება; ცოდნას ბავშვები მაშინ იღებენ, როცა სწავლის პროცესში შესაძენი ცოდნის არსზე ფიქრობენ. ამიტომ ცოდნაზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ აზროვნებაზე და ფიქრზე. ცოდნა და უნარები თავისთავად არ განაპირობებს გაგებას ( ახალ სიტუაციაში კონკრეტული ცოდნის გამოყენებას ). პერკინსი გვთავაზობს ,,პანდორას“  4 კითხვას, ესენია: 1) რისი სწავლა ღირს ?  2) რატომ არის რთული ამის სწავლა ?  3) ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ეს ვისწავლო ? 4) როგორ მიდის სწავლის პროცესი ?   ,,პანდორას  კითხვას, თუ  როგორ ვასწავლოთ საუკეთესოდ, პერკინსი ,,თეორია ერთით“ პასუხობს. ამ თეორიის მიხედვით იმისათვის, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს, საჭიროა: 1)მივაწოდოთ ინფორმაცია ნათლად და გასაგებად;                                                    2) გავაკეთებინოთ ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც მათ ამ ინფორმაციის კარგად გააზრების  საშუალებას მისცემს; 3) რჩევებითა და კომენტარებით მივაწოდოთ ინფორმაციული შეფასება; 4 ) ვიზრუნოთ ბავშვის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე.                                                                            
პერკინსის აზრით, გააზრებული სწავლება 3 ძირითადი მეთოდით შეიძლება განხორციელდეს :
1.       დიდაქტიკური სწავლება  (ინსტრუქცია, ლექცია, ტექსტები)
ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ნათლად უნდა გააცნოს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი.მისცეს ინსტრუქცია, თუ რა უნდა გააკეთონ.  აუხსნას რაში უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ბევრი მაგალითი მოიყვანოს იმისათვის, რომ ბავშვებმა კარგად გაიაზრონ  და გაითავისონ ახსნილი მასალა. დააკავშიროს უცნობი ცნებები უკვე კარგად ნაცნობთან. აღნიშნოს და ხაზი გაუსვას მოსწავლეთა მიგნებებს ახსნის პროცესში. უჩვენოს ფილმი (თვალსაჩინოება)  შესწავლილი მასალის უკეთ გააზრების მიზნით. გაკვეთილის ბოლოს მოახდინოს უკუკავშირი და კიდევ ერთხელ დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ რომ ამ მასალის შესწავლა მართლაც სასარგებლოა მათთვის.
2.       სოკრატული სწავლება ( დისკუსიები, დებატები )
მასწავლებელი სვამს პრობლემურ კითხვას, რომელზეც არა აქვს მზა პასუხი. მოსწავლეებს სთხოვს დაფიქრდნენ, გაიაზრონ და გასცენ არგუმენტირებული პასუხები. მოამზადონ კონტრარგუმენტებიც. დაუკავშირონ სხვადასხვა მასალიდან მიღებულ ცოდნას , გააკეთონ დასკვნები და თავად მივიდნენ პრობლემის გადაჭრის გზამდე. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს. ცდილობს მთელი კლასი ჩააბას დიკუსიაში.
2.       ქოუჩინგი ( სპექტაკლები, პრაქტიკული დავალებები, გამოხმაურება )
 ამ შემთხვევაში მოსწავლეები პრაქტიკაში ახორციელებენ ნასწავლს და უკეთ გაიაზრებენ.

პერკინსის ,,გონივრული სკოლის“ კონცეფციით, სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ისეთი მოსწავლის აღზრდას, რომელსაც შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა, იდეების გენერირება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და აქვს მეტაკოგნიციის უნარი  (დაფიქრება საკუთარი სწავლის პროცესზე).

Комментариев нет:

Отправить комментарий