აირჩიეთ ენა

06.11.2019

მძიმე დანართთან


დანართი ცალკე თუ თავისი მხლებელი სიტყვებით წინადადებისაგან გამოიყოფა მძიმეებით (როცა შუაშია), მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში).
დანართი სახელით გადმოცემული წინადადების რო-მელიმე წევრის შესახებ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით.
ასახსნელ-განსამარტავ წევრებთან დანართის დასა-კავშირებლად გამოყენებულია ან კავშირები, ან კავშირის ფუნქციით გამოყენებული სიტყვები და ნაწილაკები:ესე იგი (ე. ი.), ანუ, თუნდაც, როგორც, განსაკუთრებით, სახელდობრ, მაგალითად, ვთქვათ, უმთავრესად, კი, მეტადრე, ისიც, -ც, სიგრძით, სპეციალობით, წოდებით, სახელად, მეტსახელად, გვარად, ტომით, მოდგმით, წარ-მოშობით, ეროვნებით და ა. შ.:
დანართი წინადადებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს გაუვრცობლად (ე. ი. ცალკე ერთეულად). მაგალითად:
მეზობლები ჩემს უფროსს, რამაზ აბაშიძეს, არ იცნობდნენ;
ან გავრცობილად (მომყოლი სიტყვებით ან სიტყვით):
გამოჩნდა ნანა, ჩემი მეგობრის და.
ზოგჯერ დანართი შეიძლება ტირეთი ან ფრჩხილებით გამოიყოს.

სავარჯიშოები:
I. დასვით მძიმეები დანართთან:
1. თეა გვარად ლორთქიფანიძე მიმღები განყოფილების თანამშრომელი გამოცხადდეს დირექტორთან
2. ჩვენთვის ამ ორგანიზაციის წარმომადგენელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გადაწყვეტილებას
3. თქვენ ახალმოსულებმა დაიცავით სიჩუმე
4. მეც როგორც ჯგუფის წევრს მაქვს ჩემი აზრი განსახილველი საკითხის შესახებ
5. დეკანს როგორც თანამდებობის პირს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა
6. მასპინძლის ქალიშვილი პროფესიით ექთანი ეზოში იდგა
7. თამარი ესე იგი შენი მეზობელი შესანიშნავი ქალია
8. ხათუნას ერთადერთი მეგობარი ჰყავდა სახელად ირმა.
9. მოსახლეობის ერთ ნაწილს კერძოდ ექიმებს ეს კანონი დაეხმარება.
10. ზაალს წარმოშობით ზუგდიდელს ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური ქალაქი.

II. ფრჩხილებში მოცემული სიტყვები ჩასვით წინადადებაში დანართად და დასვით სათანადო სასვენი ნიშნები:

1. ყურძნის ბევრი ჯიში ძალინ კარგად ხარობს კახეთში. (მაგალითად რქაწითელი)

2. ავტომობილის შესაძენად ფულს ვაფროვებ. (ანუ მანქანის)

3. სეზონური დაავადებასთან საბრძოლველად საჭიროა ფინანსები. (სახელდობრ გრიპთან)

4. ეს საჩუქარი თქვენმა კოლეგამ გამომატანა (ომარ ჯავახიშვილმა)

5. დემეტრე ქირია სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა იყო. (ჩვენი მეგობრის ვაჟი)

6. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ მისი ყვავილები. (განსაკუთრებით უცხოელებს)

7. ლილის სტუმარი ინგლისურად თავისუფლად ლაპარაკობდა. (ეროვნებით აზერბაიჯანელი)

8. მე თქვენმა წინადადებამ დამაინტერესა. (როგორც პროფესიით მასწავლებელი)

9. შეხვედრის შემდეგ ყველა გავიდა შენობიდან. (ფირმის დირექტორიც კი)

III დასვით მძიმეები
1. მარადმწვანე ნარგავების მაგალითად ნაძვის მოჭრა აკრძალულია.
2. ჩემი შვილი გიორგი გერმანიაში ცხოვრობს.
3. ეს ნოდარია გოჩას უფროსი ძმა.
4. გია პროფესიით მეტყევე მარნეულში ცხოვრობდა.
5. დაჩი როგორც ჩვენი მეზობელი აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ.
6. ნანას ერთი ძმა ჰყავს სახელად გურამი.


Комментариев нет:

Отправить комментарий