აირჩიეთ ენა

23.01.2020

ესსე (ქ.მ.ე) #15


ნარკოტიკები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ლეგალიზაცია ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა, რადგან ეს შეამცირებს სიცოცხლისთვის საშიში პრეპარატების მოხმარების შემთხვევებს.

მე არ ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, რადგან ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია და კანონის შემსუბუქება პოტენციურ ნარკომანთა რიცხვს საგრძნობლად გაზრდის.
საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, თუმცა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, (მაგ: ჰოლანდია, ესპანეთი) ნარკოტიკებთან მიდგომა მოსახლეობას რადიკალურად განსხვავებული აქვს. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია უამრავი ახალგაზრდა ნარკოტიკებზე არის დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში უამრავი ადამიანი იღუპება ან / და ავადდება ბ, ც ჰეპატიტითა თუ აივ ინფექციით - სწორედ ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერების ინტენსიური და დაუფიქრებელი მოხმარების შედეგად.
თინეიჯერები თავდაპირველად მსუბუქ ნარკოტიკს მოიხმარენ, მათ აქვთ ილუზია, რომ როცა მოუნდებათ მაშინ იტყვიან უარს ნარკოტიკულ თრობაზე, თუმცა ვერ აანალიზებენ, რომ „სიამოვნება“ შემდგომში აღარ დააკმაყოფილებთ და როგორც რეალობა გვიჩვენებს ისინი  გადადიან უფრო საშიშ ნარკოტიკზე, რაც მათ ორგანიზმსა თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ძირფესვიანად ანგრევს.
ნარკოტიკების ლეგალიზაცია პრობლემას პრობლემას შემატებს, უამრავი ნარკომანი დაემატება მომხარებელთა რიცხვს, რადგან, როგორც წესი „აკრძალული ხილი“ ბევრს დააინტერესებს და სავალალო შედეგიც არ დააყოვნებს.
მსოფლიოში და კერძოდ საქართველოში უამრავი ოჯახი მოიშალა ნარკოტიკების მოხმარების შედეგად, ნარკომანი ადამიანი ვერ იაზრებს პრობლემას, მას ნამდვილად სჭირდება თანადგომა, როგორც ოჯახისგან, ასევე სახელმწიფოსგან. ნარკომანიის გავითარება ქვეყნის ეკონომიკის მოშლას, მორალური და ფიზიკური განადგურებისა და დემოგრაფიის შემცირების მომასწავებელია. ნარკომანი, იგივეა, რაც უნაყოფო ხე, რომელსაც არავინ იცის, როდის წააქცევს ქარი.
დასკვნისას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნარკოტიკების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი, სახელმწიფომ კი იზრუნოს ნარკომანთა რეაბილიტაციისთვის და მათი სოციუმში აქტიური ინტეგრაციისთვის.

14.01.2020

მხატვრული ტექსტის ანალიზი (ილია ჭავჭავაძის მოთხრობა "კაცია-ადამიანი?!")


1.     იმსჯელეთ მოსე გძელაძის მხატვრული სახის შესახებ;
2.     იმსჯელეთ თათქარიძეების მხატვრული სახის შესახებ;
3.     იმსჯელეთ ტექსტის მხატვრულ სახეზე;
ილია ჭავჭავაძის მოთხრობაშიკაცია-ადამიანი?!“ ნათლად ჩანს მოსე გძელაძის მხატვრული სახე. მისი ქცევიდან გამომდინარე მას დაკარგული აქვს ღირსება, ადამიანური თვისებები, იგი მიზნის მისაღწევად ყველაფერს კადრულობს, ცრუობს, იგონებს ხრიკებს, რათა როგორმე საკუთარი ქალიშვილიგაასაღოსთათქარიძეებში.

მოთხრობიდან ვიგებთ, როგორი არ უნდა იყოს მშობელი, არც ერთი კარგი მამა, ასე არ დაამცირებს საკუთარ შვილს და ტყუილზე არ ააგებს მის ცხოვრებას. მოსეს არ აინტერესებს ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიყვარული, ერთგულება, სანდოობა, იგი არ ინტერესდება შვილის მდგომარეობით, მისი განცდებითა და გრძნობებით, ის ანგარებისა და გამორჩენის მიზნით თავადჭრისდა თავადკერავს“.

თათქარიძეები ანგარიშიანი, ღირსებადაკარგული პერსონაჟები არიან. ლუარსაბი ვერ აანალიზებს, ვერ აცნობიერებს ქორწილის მთავარ დანიშნულებას, მასსა და დავითს მხოლოდ ანგარება ამოძრავებთ. ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ სიყვარული ლუარსაბისთვის უცხოა, იგი დავითს ეუბნება: „ფულზე დაელაპარაკე, როდისთვის გადაიხდისო“, დავითიც დაბალი ღირსების მატარებელია, მოთხრობაში არ ჩანს ძმის გულშემატკივრობა, სიხარულის თანაგანცდა, პირიქით შური, როცასარძლოდაინახა, მაშინვე მჭლე ცოლი გაახსენდა, აქედან, გამომდინარე დავითიც ყალბია საკუთარი ძმის მიმართ...

კაცია-ადამიანში?!“ ილია ჭავჭავაძე საკუთარი სათქმელის უკეთ გამოსახატად იყენებს სხვადასხვა ტროპულ მეტყველების საშუალებას, როგორიცაა: ეპითეტი: „ჩემო აღმატებულო, გვაროვანოოო“, მეტაფორა: „ქალი აქა ჰდნება“, ფრაზეოლოგიზმი: „მახეში გააბა“, ანუ მოატყუა...

ილია ჭავჭავაძე ამ მძიმე ტრაგიკულ ამბავს ირონიული, ტრაგი-კომედიული სტილით წერს.

მხატვრული ხერხებით ილია ჭავჭავაძეს სურს ემოციური ელფერი შესძინოს ტექსტს და ასე მიიტანოს მკითხველამდე.  


მხატვრული ტექსტის ანალიზი (ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ნაწვეტიდან)


  1. იმსჯელეთ ნერონის მხატვრული სახის შესახებ;
  2. მსჯელეთ ამ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;
  3. დაახასიათეთ ავტორის თხრობის მანერა და ტექსტის ენობრივი თავისებურებები.

ჯემალ ქარჩხაძის რომანში „იუპიტერის სინანული“ ნათლად ჩანს ნერონის სახე, ავტორს სურს, ნერონის პერსონაჟით დაგვანახოს, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის მმართველი...

ნერონი მხდალი, შეშინებული, დამცირებული გარბის ქალაქიდან. იგი თავადვე აანალიზებს, რომ იმპერატორობა მისი მოწოდება არ იყო, იგი სინანულშია, საყვედურობს საკუთარ თავს იმის გამო, რომ პოეტობა და ლექსების წერა არ ამჯობინა იმპერატორობას.

იმპერატორობა, ქვეყნის წინამძღოლობა დიდი პასუხისმგებლობაა, როცა გაბარია მოსახლეობის ბედი... იმის ნაცვლად, რომ ხალხს დაელაპარაკოს, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით დაალაგოს მათთან ურთიერთობა და დააწყნაროს ამბოხებული ხალხი - ნერონი ბრიყვულ გადაწყვეტილებას იღებს. სწორედ ეს გადაწყვეტილება „გაქცევა“ მოწმობს მის ლაჩრობასა და სისუსტეზე. ქვეყანა წინ მიდის, ქვეყანა ძლიერია, როცა მას მამაცი მხედარმთავარი ჰყავს.

ჯემალ ქარჩხაძის რომანში ნახსენებია ციტატა: „იმპერატორის ურჩობა ადვილია, როცა იმპერატორი არ ჩანს“ ეს იმაზე, მეტყველებს, რომ იმპერატორთან, მეფესთან დაპირისპირებას ინდივიდუალურად ვერავინ გაბედავს, შეკამათებასაც კი, ხოლო ერთხმად, ჯგუფად თუ მოინდომებენ გააქცევენ კიდევაც - აქედან, ჩანს, რომ „ძალა ერთობაშია“!

ავტორი, ტექსტის მთავარი სათქმელის უკეთ გამოსახატად იყენებს სხვადასხვა ტროპულ მეტყველების საშუალებას: მეტაფორას: „გული გაუცივდა“, შედარებას: „ფიქრები ჩიტებივით გაეფანტნენ“... მხატვრული ხერხებით ცდილობს ემოციური ელფერი შესძინოს ტექსტს და ასე მოიტანოს მკთხველამდე.


06.01.2020

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია


პრაქტიკის კვლევის რეფლექსია
            ჩემი კვლევის მიზნიდან გამომდინარე, რომელიც არაქართულენოვან სექტორზე სპეციფიკური ბგერების აღრევის პრობლემის გადაჭრას გულისხმობდა, (წარმოთქმისა თუ მართლწერის დროს) ყურადსაღებია ის ინტერესი, რომელიც კოლეგების მხრიდან კვლევის ჩატარების მთელი პროცესის განმავლობაში ფიქსირდებოდა.
            კვლევის მიმდინარეობისას ქართული ენის კათედრას თავდაპირველად  გავაცანი ჩემი მიზნები, ასევე წარვუდგინე საკვლევი კითხვები. კოლეგებს დეკემბრის ბოლოს გავაცანი პირველადი მონაცემები, როდესაც გავზომე და დავამუშავე პირველადი შედეგები.
            კათედრის წევრებმა ისაუბრეს აღნიშნული (გამოვლენილი) პრობლემის შესახებ, რაც არაქართულენოვან სექტორზე სპეციფიკური ბგერების აღრევას გულისხმობს, მათ დაადასტურეს, რომ საკვლევი თემა, მეტად შრომატევადი, თუმცა საჭირო და დროულია თითოეული ქართული ენის პედაგოგისათვის.
            ინტერვენციების დაგეგმვის პროცესში პედაგოგებმა მირჩიეს სხვადასხვა პორტალი, სადაც საინტერესო ტექსტებს მოვიძიებდი სპეციფიკურ ბგერებზე, ასევე მეთოდური ლიტერატურა.
            ინტერვენციების დამუშავებისთანავე ქართული ენის კათედრას კვლავ წარვუდგინე გეგმა, (აქტივობები, სავარჯიშოები), რითაც ვაპირებდი აღნიშნული პრობლემის გადაჭრას. კათედრის წევრებმა მირჩიეს ინტერვენციების განხორციელების დროს დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს თავად შეექმნათ კონკრეტულ სპეციფიკურ ბგერაზე ან და ბგერათა ჯგუფზე მოკლე ტექსტები, რაც გავითვალისწინე და ინტერვენციების ბოლოს ფოკუს-ჯგუფს შევაქმნევინე მეტად საინტერესო თხზულებები - ბგერებზე „წ“, „ჭ“, „ყ“ და სხვ.
            კვლევის საბოლოო ანალიზი კათედრასა და სკოლის ადმინისტრაციას წარვუდგინე მაისის თვეში. დეტალურად ვისაუბრე კვლევის საბოლოო შედეგების მონაცემებზე. როგორ დაიძლია ბგერათა აღრევა საბაზო-საშუალო საფეხურზე. რა დარჩა პრობლემატური და როგორ გავაგრძელებ მუშაობას აღნიშნულ თემაზე, რათა შემდგომში უფრო და უფრო დაბალი იყოს სპეციფიკური ბგერების აღრევის ალბათობა.
საკუთარი კვლევის ანგარიში გავაზიარე საყოველთაო ხელმისწავდომად ჩემს ბლოგსა და სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე.
ბლოგი:          https://qartuli-rogorc-meore-ena.blogspot.com
Facebook.com სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა

                                                                                                დავით კამკამიძე
                                                                                                (პ/ნ 01011079657)