აირჩიეთ ენა

06.02.2020

არგუმენტირებული ესსე #16


ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობის დიდი მიღწევაა, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პროგრესმა გააუბრალოვა და გააცივა ადამიანთა შორის ურთიერთობა.

მე ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანთა სოციალური ჩაკეტვა გამოიწვია.
წლების წინ სკვერები და სხვ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სავსე იყო ახალგაზრდებით, ზრდასრულებით, საუბრობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს დარდსა თუ სიხარულს. დღეს კი ცარიელია, საქმე ისაა, რომ დიდსა თუ პატარას ყველას ტელეფონი და ინტერნეტი აქვს, შესაბამისად ინტერნეტით ურთიერთობენ და ვირტუალურ მეგობრობას ჯერდებიან.
სამწუხარო რეალობაა, თუმცა ფაქტია, რომ ხუთი წლის ბავშვს უკვე აღარ უნდა სილით თამაში, საფეხბურთო მოედნებზეც რამდენიმე მოზარდი თუ დარბის, ეს ცალსახად ტექნოლოგიების დახვეწამ გამოიწვია. ინტერნეტმიჯაჭვულობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მას ლეტალური შემთხვევებიც მოჰყვება ხოლმე.
ვირტუალური მეგობრობა ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ბუნებრივ, ცოცხალ ურთიერთობას. როცა ურთიერთობ პირისპირ, თვალებით, ხმით - მაშინ ორ ადამიანს შორის ჩნდება ცოცხალი, წრფელი ემოცია, ხოლო ვირტუალური კავშირი სავსებით შესაძლებელია იყოს ყალბი, ზედაპირული, რაც ურთიერთობის გაუბრალოებისა და გაცივების განმაპირობებელია.
დასკვნისას ვიტყვი, რომ ადამიანებმა თანამედროვე ტექნოლოგიები პრაგმატულად უნდა გამოიყენონ, თუმცა ურთიერთობები ააგონ არა ტექნიკის დახმარებით, არამედ ბუნებრივი, პირდაპირი კომუნიკაციით.